კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის'' ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დისკუსია - „შშმ პირები და თვითმმართველობა" გაიმართა.
შეხვედრას კახეთის რეგიონის შშმ პირთა ასოციაციის წევრები, შშმ პირთა მშობელთა კავშირ „ნუგეშის" წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საჯარო პირები ესწრებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის'' წარმომადგენელის, ნანა გოჩიაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანი იყო თელავში მოქმედ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, შშმ პირებსა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობისა და ეფექტური დიალოგის ხელშეწყობა.
ქალაქის მერმა კი დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა სამომავლო გეგმებისა და ხედვების შესახებ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციას და უფლებების დაცვას ეხებოდა.