თბილისი. 9 თებერვალს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პერსპექტივებზე მეთერთმეტე საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართა. საკითხებზე იმსჯელეს პროკურატურის, პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აშშ საელჩოს წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე ორი მთავარი თემა იყო განხილული: პროკურატურის ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გარანტიები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმის მიმართულებებთან დაკავშირებული სტრუქტურის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხები.
კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელთა მიზანია პროკურატურის დამოუკიდებლობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების განვითარება. საუბარი იყო პროკურატურის საკონსტიტუციო სტატუსსა და ადგილზე ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში, ასევე კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელთა განხორციელების შემთხვევაში გაიზრდება პროკურატურის დამოუკიდებლობა და ეფექტურობა.
კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" მხარს უჭერენ ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო" და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში.
წყარო: osgf.ge