სამცხე–ჯავახეთი. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ფესვების" წევრებმა „თემის საჭიროებების კვლევის" შედეგები წარადგინეს. კვლევა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის" ფარგლებში ჩატარდა.
კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებს შორის დასახელდა თემში ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა; სასმელი წყლის ხარისხი, ზოგ შემთხვევებში წყლის უქონლობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ნაგავსაყრელების, ბიბლიოთეკის არარსებობა, სკოლის ეზოს შემოღობვის საკითხი.
შეხვედრას თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ესწრებოდნენ. ისინი ახალგაზრდებს დაპირდნენ, რომ თითოეულ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ისაუბრებენ პრობლემების მოსაგვარებლად.
შეხვედრაზე გადაწყდა მთავარ საკითხებზე პეტიციის მომზადება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს წარედგინება.