თბილისი. 23 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ინიციატივით, ორგანიზაციის ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება'' ოფისში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების შეხვედრა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ორგანიზაციების მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და სტრატეგიული თანამშრომლობის დაგეგმვა. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს სხვადასხვა საკითხის შესახებ, მათ შორის: ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა განათლების მიღების უფლების რეალიზაციის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საოჯახო ტიპის მომსახურების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ისე საჯარო მოხელეები. შეხვედრის მონაწილეთა მიერ დაიგეგმა მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობის ღონისძიებები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში