კახეთი. თელავში გაიმართა პროექტის „ძლიერი ქალები სოფლად" პრეზენტაცია, რომელიც ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამის – „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისათვის" (ENPARD) ფარგლებში.
პროგრამის მიზანია სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ქალების როლის გაძლიერება, მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და მათი გააქტიურება თემსა და რეგიონში.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო პროექტის დეტალებს, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ ასოციაცია „ქალი და ბიზნესი" და ბიზნესის განვითარების ცენტრი „კავკასია".
სერგო ბარამიძე, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი ,,კავკასია" დირექტორი:
,,თელავში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. ვიმსჯელეთ არსებულ ვითარებაზე. პროექტის მიზანია ქალბატონებმა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც დღეს არის სოფლის მეურნეობაში. ასევე, საზოგადოებამ უნდას იცოდეს რამდენად მნიშნელოვანია ქალის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. წლის ბოლოს, სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ თემების და რეგიონების მასშტაბით ჩამოყალიბდება ფერმერული კლუბები, რომლებიც უზრუნველყოფენ სოფლად მცხოვრები ქალების აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაში".
პროექტის ,,ძლიერი ქალები სოფლად" პრეზენტაცია ახმეტაშიც გაიმართება.