შიდა ქართლი. 21 აპრილს, საზოგადოება „ბილიკის" ორგანიზებით, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჩატარდა ვიქტორინა თემაზე: „ჩვენ და სამოქალაქო განათლება". იგი სკოლაში სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების პოპულარიზაციას და გაკვეთილზე ნასწავლი მასალის წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ვიქტორინაში მონაწილეობას იღებდნენ გორის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრებისგან შემდგარი გუნდები. ვიქტორინა 3 განსხვავებული ტურისაგან შედგებოდა: პირველი ტური მოიცავდა კითხვებს სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოდან; მეორე ტური - სამოქალაქო ლექსიკონს; მესამე ტური კი კაზუსებისაგან შედგებოდა.
მოსწავლეთა ცოდნის დონეს ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი დიმიტრი გოგიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი, იურისტი მაია გრძელიშვილი, ორგანიზაცია „ქართული მედია ჯგუფის" წარმომადგენელი ოთარ კვირიკაშვილი და პედაგოგი მაგული სეხნიაშვილი.
მონაწილე გუნდებმა ცოდნის საკმაოდ მაღალი დონე გამოავლინეს და შეჯიბრი გუნდებს შორის მინიმალური სხვაობით დასრულდა. გამარჯვებული, სოფელ გარეჯვრის სკოლის გუნდის წევრები საზოგადოება „ბილიკმა" მწერალ დათო ტურაშვილის წიგნებით და სიგელებით დააჯილდოვა. სიგელები გადაეცა ვიქტორინის თითოეულ მონაწილესაც.
ვიქტორინა პროგრამის - „მომავლის თაობა" (USAID/PH International) ფარგლებში განხორციელდა.