კახეთი. თელავში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა, სადაც ქალი მეწარმეების გააქტიურებაზე იმსჯელეს.
პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესის დაწყების მსურველი ქალების გაძლიერებას. ბიზნეს იდეების დამუშავების შემდეგ ქალ მეწარმეებს საშუალება ექნებათ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც მათი ბიზნესის გაფართოვებას შეუწყობს ხელს.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერის, ირინა გურულის თქმით, შეხვედრაზე ბიზნეს იდეების დამუშავებასა და პროექტის წერის საკითხებზეც იმსჯელეს: „პროექტი მიზნად ისახავს ქალ მეწარმეთა ბიზნეს უნარ-ჩვევების განვითარებას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებასა და ბიზნეს გეგმის წერის უნარჩვევების გამომუშავებას.
დაინტერესებულ ქალ მეწარმეებს ეძლევათ საშუალება, შეავსონ საგრანტო განაცხადი და წარმოადგინონ ბიზნეს გეგმა. საუკეთესო იდეა დაფინანსდება 1000 ლარამდე ოდენობის გრანტით".
ორგანიზაცია მუშაობს საქართველოს 4 ქალაქში და დაგეგმილი აქვს 8 მცირე საგრანტო პროექტის დაფინანსება. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.