თბილისი. „ღია პარლამენტის" სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებელი ვალდებულებების შესახებ მოქალაქეთა პოზიციის დასაფიქსირებლად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჩაატარა გამოკითხვა. იგი 29 აპრილიდან 19 მაისის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამოკითხულთა 61,3%-ს აქტუალურად მიაჩნია პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით კანონპროექტებზე კომენტარის დატოვების შესაძლებლობა, 58,4%-ს არანაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია საქართველოს ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხების განხილვაში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობა, ხოლო 57,3%-ს პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით ელექტრონული პეტიციების წარდგენის მექანიზმის დანერგვა მიაჩნია აქტუალურად.
საპარლამენტო ინტერფრაქციული ჯგუფი საქართველოს „ღია პარლამენტის" სამოქმედო გეგმაზე სამუშაოდ 12 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა.
წყარო: idfi.ge