თბილისი. ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს სამართალდამცავი უწყებების რეფორმას ეხმაურება და საზოგადოებრივი კონტროლის გაზრდის მხრივ დაგეგმილ ცვლილებებს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს. „ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში, ხელისუფლებას მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს და სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების წინაშე, კიდევ უფრო მეტად ზრდის. წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისტემური დანაშაულებების განმახორციელებელი უწყებებად ჩამოყალიბდნენ, სადაც ჭარბი ძალაუფლება პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. მოცემულ ეტაპზე, აღსანიშნავია მთავრობის პოლიტიკური ნება და წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით დაგეგმილი ცვლილებები, როდესაც იზრდება საპარლამენტო კონტროლი და მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანგარიშვალდებული იქნება ხალხის მიერ არჩეული ორგანოს - პარლამენტის წინაშე. შესაბამისად, ქვეყანაში ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოების მიმართ, უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ნდობა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა"..., ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში