აჭარა. 28 ივლისს, მსოფლიოში ჰეპატიტის დაძლევის დღე აღინიშნა. ამ თარიღს ბათუმში მრგვალი მაგიდა მიეძღვნა. ჯანდაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ის საქმიანობა შეაჯამა, რაც სახელმწიფომ ბოლო წლებში დაავადებასთან საბრძოლველად გასწია. გასულ წელს სახელმწიფომ მსჯავრდებულებისთვის უფასო გამოკვლევები დაიწყო, სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდა ფასდაკლებები. მიმდინარე წლიდან კი, 5 000 პაციენტისთვის ახალი პრეპარატით უფასო მკურნალობა დაიწყო. „ცოტა ცე" - ელიმინაციის გრძელვადიანი პროგრამის შემუშავების მიზნით, პაციენტთა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციებმა კამპანიაც დაიწყო. კამპანიის ფარგლებში ბულვარის ტერიტორიაზე მსვლელობაც გაიმართა. 29 ივლისის დილიდან კი ბულვარის კოლონადებთან გაიშლება კარავი, სადაც ცე ჰეპატიტის შემოწმება უფასო იქნება. ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ ხულოშიც. რაიონულ ჰოსპიტალში დილიდან დაიწყო უფასო გამოკვლევები. უფასო აქცია ხულოს მუნიციპალიტეტში პირველად ტარდება და იგი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.