კახეთი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის შესახებ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში.
პროგრამის პრეზენტაციას კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, უნივერსიტეტების, სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
კონკურსის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში.
საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 12 მილიონი აშშ დოლარი. თითოეული გრანტის მოცულობა შეიძლება იყოს 300 000 აშშ დოლარიდან 3 მილიონ აშშ დოლარამდე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა იურიდიულ პირებს.
პროექტი ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომლის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს გერმანული საკონსულტაციო კომპანია PEM Consult.