თბილისი. 11 სექტემბერს, ორგანიზაცია „მზიანმა” თბილისის მერიაში, მზიურის პარკში უფუნქციოდ დარჩენილი ამფითეატრისა და კაფის ტერიტორიის აღდგენასთან დაკავშირებით პროექტი შეიტანა. იდეის ავტორის და „მზის ფესტივალის" ორგანიზატორის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს დონორ ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებთანაც. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სოციალური კაფის შექმნა, რომელიც სოციალური მეწარმეობის, სოციალური გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მზიურის კაფის და ამფითეატრის ტერიტორია ადაპტირდება შშმ პირებისთვის. „მსგავსი გარემო არა მარტო შშმ პირების თავისუფალ გადაადგილებას შეუწყობს ხელს, არამედ ხანდაზმულებს და საბავშვო ეტლებს გაუადვილებს მოძრაობას. ეს იქნება პირველი სრულიად ადაპტირებული გარემო საქართველოში. ამფითეატრი სეზონურად დაიტვირთება სხვადასხვა ინტეგრირებული ღონისძიებებით: საბავშვო კლასიკური მუსიკის ფესტივალი, ღია კინო ჩვენებები, დისკუსიები, მრავალფეროვანი მუსიკალური კონცერტები, საბავშვო ინკლუზიური სპექტაკლები და კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები", ნათქვამია პროექტში.
წყარო: www.liberali.ge