თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
„გამოვხატავთ შეშფოთებას მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. საკითხი ეხებოდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტურ ნაწილში ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მიღებულ უმაღლეს შეფასებას და იმავე გამოცდაში მონაწილე, სხვა პირის მიერ წერილობით გამოცდაში გაცემული პასუხის პრაქტიკულად სიტყვა-სიტყვით იდენტურობას კაზუსის ავტორის მიერ წინასწარ მომზადებულ პასუხის ფრაზებსა და აზრის მიმდევრობასთან.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნების ფაქტთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge