თბილისი. 25 თებერვალს, „ევროპულმა ინიციატივა - ლიბერალურმა აკადემია თბილისმა გამართა კვლევითი პროექტის - „თავისუფალი გადაადგილებით ევროპული ინტეგრაციისკენ" საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია.
კვლევაში განხილულია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში მიმდინარე პროცესები, გამოკვეთილია ძირითადი ტენდენციები და პროგრესთან ერთად აღწერილია ის კონკრეტული გამოწვევები, რაც კვლევის განხორციელების პერიოდში ვიზის გამარტივების შეთანხმებისა და ევროპის სავიზო კოდექსის იპლემენტაციასთან მიმართებაში გამოიკვეთა.
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გაანალიზებულია უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა და მოსალოდნელი შედეგები.
კვლევა მოიცავს, როგორც გამოწვევებისა და რისკების ანალიზს, ასევე რეკომენდაციებს მათ დასაძლევად.
ანგარიშის წარდგენის შემდგომ, გაიმართა დისკუსია საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
პროექტი განხორციელდა ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში