თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „მოსაზრებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე."
„უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ კოალიცია მიესალმება და მხარს უჭერს სამართალდარღვევათა სფეროს უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელებას. მისი წარმატებით და სრულყოფილად დასრულების შემთხვევაში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გარდამტეხი რეფორმა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზიან ბუნებაზე, კერძოდ კი არასათანადო საპროცესო გარანტიებსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების არასრულფასოვან რეალიზებაზე, არაერთხელ იქნა აღნიშნული, როგორც შიდა სახელმწიფოებრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სწორედ ამიტომ, ცალსახად მნიშვნელოვანად და პოზიტიურად მივიჩნევთ კანონმდებლობის დახვეწის მიზნით სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ ნაბიჯებს და იმედს ვიტოვებთ, რომ მიმდინარე რეფორმა უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge