თბილისი. კოალიცია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოლო პერიოდში უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენის პროცესს.
„სასამართლო სისტემაში დღეს არსებული კრიზისის შესუსტების, ვითარების გაჯანსაღებისა და რეფორმების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის პროცესში გათვალისწინებულ იქნას შემდეგი რეკომენდაციები:
განხორციელდეს უზენაეს სასამართლოში კანდიდატების შერჩევის პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის ინსტიტუციონალიზაცია, ერთგვაროვანი კარგი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით;
კანდიდატების შერჩევა მოხდეს ღია და გამჭვირვალე პროცესით, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და დისკუსიას აღნიშნულ საკითხზე, რათა განხორციელდეს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის იდეების პატივისცემის განმტკიცება მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციაში;
მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტები, რაც ერთ-ერთი ნომინირებული კანდიდატის შესახებ საზოგადოებაში გავრცელდა", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: idfi.ge