აჭარა. 11 მაისს, 18 საჯარო სკოლაში, თამარის დასახლების საზოგადოებრივი დარბაზის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა დარბაზის საქმიანობის გააქტიურებას და თემატური შეხვედრების ციკლის გაგრძელებას. გასულ თვეში დარბაზის წევრები მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სამსახურის წარმომადგენელს ა(ა)იპ კორპუსის დირექტორს შეხვდნენ, რომლის საფუძველზე ადგილობრივებმა აღნიშნულ სამსახურს დასახლებაში არსებული პრობლემები და ინიციატივები მოახსენეს, ასევე მოისმინეს ა(ა)იპ კორპუსის გეგმები, რომელიც მათ უბანში თვითმმართველობის ბიუჯეტით 2016 წელსაა გათვალისწინებული.
მაისის თვეში ჩატარებული შეხვედრა დარბაზის წევრების ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით ჩატარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით. შეხვედრა დარბაზის თავმჯდომარემ გახსნა და შშმ პირთა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააგრძელეს. ორგანიზაციამ ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის პროექტის - „გაეროს 2006 წლის კონვენცია შშმ პირთა უფლებების შესახებ იმპლემენტაციის ხელშეწყობა" - ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმის ყველა ტერიტორიულ ერთეულში არსებულ საზ. დარბაზთან შეხვედრა. შეხვედრის მიზანია დარბაზის წევრებში შშმ პირთა თემის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების დამკვიდრება, არსებული სტერეოტიპების, როგორც ბარიერების წარმოჩენა და ერთობლივად საზოგადოებრივი აქტივობის საფუძველზე შშმ პირთა უფლებების დაცვა.