თბილისი. ომბუდსმენმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან 2015–2016 წლებში საჯარო სკოლებში წყლის ხარისხიანობის საკითხის შესწავლის მიზნით ჩატარებული შემოწმების შედეგები მოითხოვა.
„სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული პასუხის მიხედვით, 2015–2016 წლებში სააგენტომ საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯი გამოიკვლია და 45 სინჯი არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის" მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე. უჩა ნანუაშვილი ამ პრობლემის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე გადაუდებელ მოწესრიგებას ითხოვს.
წყარო: www.ombudsman.ge