თბილისი. საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ვეგან-აქტივისტის, ირაკლი კიკილაშვილის ინტერესებს, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 2016 წლის 5 ნოემბერს ზედაპირული დათვალიერების მიზნით გააჩერეს.
„ირაკლი კიკილაშვილი პოლიციელს სთხოვდა, განემარტათ ზედაპირული დათვალიერების საფუძველი, თუმცა პოლიციელები ამგვარ განმარტებებს არ აძლევდნენ. მოგვიანებით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით ირაკლი კიკილაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ არ დადასტურდა ობიექტურად აღქმადი გარემოების არსებობის ფაქტი, რომელიც გაუჩენდა პოლიციის თანამშრომელს ვარაუდის საფუძველს და რომელზე დაყრდნობითაც აუცილებელი და გამართლებული იქნებოდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა, მისი ზედაპირული დათვალიერება. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge