თბილისი. 18 იანვარს, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა გაიმართა საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე.
„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი, ასევე ნორმატიული აქტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებისა და საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის პროექტები, რომლებიც წინა მოწვევის საბჭომ დაამტკიცა. ამასთან, განხილულ იქნა ღია მმართველობის პარტნიორობის პარიზის გლობალური სამიტის შედეგები და საქართველოს ღია პარლამენტის ახალი გეგმის (2017-2018) პერსპექტივები.
საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების ახალი სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ, 2017 წლის 15 თებერვლამდე წარმოადგინონ ახალ სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებები, ხოლო 2017 წლის მარტში, საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, გამართონ კიდევ ერთი გაფართოებული შეხვედრა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge