თბილისი. კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიაჩნია, რომ ის შენიშვნები, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი ამახვილებს ყურადღებას, უმნიშვნელოვანესია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და რეფორმის სწორად წარმართვისთვის.
„კოალიცია არაერთხელ გამოეხმაურა „მესამე ტალღის" კანონპროექტების საპარლამენტო განხილვებისას გამოვლენილ უარყოფით ტენდენციებს და შეაფასა წარმოდგენილი ცვლილებები. კოალიციის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის" კანონპროექტებით არ არის გათვალისწინებული რეფორმის განხორციელება მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, გასათვალისწინებელია რეფორმის ის დადებითი ასპექტები, რომლებსაც აღნიშნული პროექტები ითვალისწინებს. ამის გამო, აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით, დაყოვნების გარეშე მიიღოს „მესამე ტალღის" კანონპროექტები", ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
წყარო: idfi.ge