თბილისი. 24 აპრილს, სახალხო დამცველმა რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტზე რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ „შემოსავლების სამსახურს." განმცხადებლების ინტერესებს ომბუდსმენის აპარატში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" წარმოადგენდა.
„რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის კვეთისას, სავიზო-საპასპორტო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან დაბრკოლებები ექმნებათ მუსლიმ პირებს. მათ აყოვნებენ და კითხვებს უსვამენ მათი გარეგნობის, რელიგიური აღმსარებლობისა და ცხოვრების წესის შესახებ. ამასთან, ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ ნებაყოფლობით დათმონ თავიანთ საკუთრებაში არსებული რელიგიური ლიტერატურა. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა განმცხადებელთა რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას მათი მიმოსვლის თავისუფლების და საკუთრების უფლებების შეზღუდვის გზით", ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge