თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის" წევრი ორგანიზაციები საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლს ეხმაურებიან, რომელიც ქორწინების ახალ სამართლებრივ დეფინიციას განსაზღვრავს და უფლების შინაარს ზღუდავს.
საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტში კონსტიტუციის 36-ე მუხლი, რომელიც ქორწინებას მეუღლეთა თანასწორუფლებიანობასა და ნებაყოფლობაზე აფუძნებს და მეუღლეთა სქესის შესახებ ექსპლიციტურ მითითებას არ შეიცავს, იცვლება შემდეგი ახალი ჩანაწერით: „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა თანასწორობასა და ნებაყოფლობას" (მუხლი 30. ქორწინების უფლება).
„კოალიცია თანასწორობისთვის" ამ ჩანაწერს გაუმართლებლად მიიჩნევს და ვენეციის კომისიას საკუთარ ანალიზს და არგუმენტებს უგზავნის. მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს კოალიციის წევრი 8 ორგანიზაცია, აღნიშნულია, რომ „კოალიცია თანასწორობისთვის" მიესალმება ცვლილებათა პაკეტში გათვალისწინებულ ზოგიერთ პოზიტიურ ცვლილებას, თუმცა აქვე შეშფოთებას გამოხატავს ადამიანის უფლებების შემზღუდავი ჩანაწერების გამო, რომელიც აუარესებს ცალკეული ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას და ზღუდავს ცალკეული უფლებ(ებ)ის შინაარსსა და ფარგლებს", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.osgf.ge