თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
„19 ივნისს ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-ით შემცირდება. ამავე დროს, ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების გაუქმების შესახებ. ცალსახად და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელია", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, ასევე - საკუთარი დაპირება საზოგადოების მიმართ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოს მაქსიმალური კონსესუსის შედეგად და აუჩქარებლად, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები არ ტოვებდეს ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებულის შთაბეჭდილებას.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი