თბილისი. დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა სპეციალური ანგარიში „ფსიქიკური ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაცია საქართველოში - შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის". პრეზენტაცია გაკეთდა საერთაშორისო ორგანიზაციასთან - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი" - ერთად.
სპეციალური ანგარიშისთვის ჩატარებული კვლევის პროცესში, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ხელვაჩაურის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პრივატიზების საკითხები და დოკუმენტაცია შეისწავლეს.
როგორც კვლევამ აჩვენა, ბუნდოვანია პრივატიზების მიზნები და შედეგები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული კონცეფციის და ეროვნული სტრატეგიის განხორციელების საქმეში. პრივატიზების პროცესი მიმდინარეობს ნაჩქარევად, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე. ამასთან, არ გამოცხადებულა ღია კონკურსი, წინასწარ არ განსაზღვრულა კვალიფიკაცია ან გამოცდილება, რომელიც პოტენციურ ინვესტორს მოეთხოვებოდა. ინსტიტუციათა პრივატიზებას არ აქვს ერთიანი ფორმატი და არ იძლევა მკაფიო წარმოდგენას მომსახურების გრძელვადიანი დაგეგმვისა და მისი ფინანსური მდგრადობის შესახებ. გაურკვეველი რჩება ინვესტორის ბიზნეს-მოდელი.
კვლევის სარეკომენდაციო ნაწილში ხაზგასმულია, რომ პრივატიზების პროცესში უნდა ჩამოყალიბდეს მოთხოვნათა დეტალური სია და დაზუსტდეს სანქციები, რომელიც მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ამოქმედდება. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს კონტროლის ადეკვატური ფორმები, მათ შორის, საზოგადოებრივი და პაციენტთა საბჭოები, ხოლო პაციენტთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს საჩივრების შეტანის მექანიზმი.
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი