თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება გაიმართა წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის 26 ივნისს აღინიშნება.
ანგარიში მიმოიხილავს დახურული ტიპის დაწესებულებებში, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში, შშმ პირთა პანსიონატებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას და ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიება, რაც ინსტიტუციურად დანმოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას მოითხოვს; პენიტენციურ სისტემაში გამოწვევაა დინამიური უსაფრთხოების პრაქტიკაში დანერგვა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციაზე მიმართული პროგრამების სიმწირე, პატიმართა მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა, დისციპლინურ სახდელთან დაკავშირებული პრობლემები, გარესამყაროსთან სათანადო კონტაქტის შენარჩუნება.
მისივე განმარტებით, შსს სისტემაში გამოვლინდა დაკავების დროს ძალის გადამეტების ტენდენცია. რამდენიმე რეგიონში არის საკმაოდ სავალალო მდგომარეობა. პრობლემურად მიგვაჩნია, პროცედურული უფლებების უგულვებელყოფა, დოკუმენტების არასრულყოფილი წარმოება, ადვოკატის ხელმიუწვდომლობა დაკავების დროს და ა.შ.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებდა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი პროცესის მიმდინარეობას და ამ მიმართულებით არაერთი დარღვევა დაფიქსირდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ოჯახთან და ახლობლებთან კონტაქტის უზრუნველყოფის კუთხით.
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი