თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს და მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის სავარაუდო ცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
როგორც ორგანიზაციის განცხდებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 15 მაისს სიღნაღის პოლიციის სამმართველოში პოლიციის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე მჭედლიშვილს, რის შედეგაც მას ნეკნების მოტეხილობა და სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. EMC იცავს ვლადიმერ მჭედლიშვილის ინტერესებს გამოძიების წინაშე, რომელიც კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიმდინარეობს.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ხარვეზები და დარღვევები აჩენს ეჭვებს მიმდინარე გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით. ასევე, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს საქმის ქვემდებარეობის შეცვლის საკითხიც. ამის გათვალისწინებით, EMC მიმართავს მთავარ პროკურორს და მოუწოდებს პროაქტიულად განახორციელოს მჭედლიშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების და, ასევე, მიმართვის ტექსტში ხსენებული პრობლემების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს საქმისთვის ქვემდებარეობის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება.
წყარო: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ვებგვერდი