თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტების, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების (8 პირის) საქმეების პირველადი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
შესწავლილი საქმეები საქართველოში ლტოლვილის სტატუსისა და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე მათი სავარაუდო შევიწროებისა და დევნის ფაქტებს უკავშირდება.
ორგანიზაციის განცხადებით, საქმეების პირველადი ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს 2016 წლიდან უარს უცხადებს ლტოლვილის სტატუსისა და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაც ამავე პერიოდში აზერბაიჯანში აქტივისტების მიმართ მთავრობის ისედაც რეპრესიული პოლიტიკის გამკაცრებას სიმპტომატურად ემთხვევა.
EMC-ის ინფორმაციით, ანგარიშში შესწავლილ საქმეებში, ასევე, ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნისა და შევიწროების ფაქტები, რომელსაც მათი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უნდა ახორციელებდნენ.
წყარო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ოფიციალური ფეისბუქგვერდი