თბილისი. კავშირი „საფარი" აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ბეჯითი თუ ნიჭიერი?"
„ბავშვობიდანვე ვითვლებოდი ბეჯით, „კარგ გოგოდ", ხოლო ჩემი ბიჭი ბიძაშვილი, რომელთან ერთად ვიზრდებოდი, იყო „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი".
იგი უფრო ნიჭიერი იყო მათემატიკაში, მუსიკასა და ხატვაში. ყოველ შემთხვევაში, ამას ასე მაწვდიდა ჩემი ოჯახი, ნათესაობა და მთელი გარემო. კლასშიც, მათემატიკაში ყოველთვის ბიჭებზე კეთდებოდა აქცენტი და ამბობდნენ, აი რა ნიჭიერია, წაიყვანეთ კომაროვშიო. გოგოები კი, ყოველთვის რჩებოდნენ მხოლოდ ბეჯითებად, მაგრამ არა ნიჭიერებად.
იმისათვის, რომ დამემტკიცებინა, რომ მეც შემეძლო მათემატიკის და „კაცური" პროფესიის სწავლა, მოვემზადე და ჩავაბარე ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე. გამომივიდა კიდეც ყველაფერი, უმაღლესი მათემატიკაც ვისწავლე, პროგრამირებაც და ფინანსური ანალიზიც, თანაც ინგლისურ ენაზე. ამით მეგონა, რომ მამაჩემის თვალში მეტ პატივისცემას დავიმსახურებდი, თუმცა ამაოდ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: sapari.ge