თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა კვლევა „საპატრულო პოლიციის საჯარიმო პოლიტიკა 2013-2016".
კვლევის მიზანის წარმოადგენდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის წესრიგისა და უსაფრთხოების პრევენციის მიზნით, არსებული საჯარიმო პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლა, 2013-2016 წლების ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევის მიხედვით, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით ქვეყნისთვის უმთავრესი გამოწვევაა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ზრდა, რომლის შედეგად ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება, ხოლო ათასობით - იღებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას. ყოველწლიურად მზარდი სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა ეჭქვეშ აყენებს საქართველოში საპატრულო პოლიციის მიერ დარღვევების აღსრულებაზე არსებულ პოლიტიკის ეფექტიანობას.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნაშრომში წარმოდგენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციების გამკაცრებისა თუ შერბილების შედეგად დამდგარი ეფექტის ანალიზი, საზოგადოებას დაეხმარება შეაფასოს 2017 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების (მართვის მოწმობის ქულათა სისტემა, უკონტაქტო პატრულირება, სიჩქარის მოძრავი დეტექტორები და სხვა) მოსალოდნელი შედეგები.
წყარო: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ვებგვერდი