თბილისი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კონსტიტუციის 42-ე მუხლმა კვლევის „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში" ანგარიში გამოქვეყნა.
ორგანიზაციის მიერ „განხორციელებული ვიზიტების და შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა მრავალი სახის პრობლემა, რომელსაც ადგილობრივები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში და ვერ აგვარებენ დამოუკიდებლად. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მთავარ პრობლემად მძიმე სოციალურ ფონს ასახელებდა.
რეგიონებში და განსაკუთრებით სოფლებში ძალზე მაღალია უმუშევრობის დონე, რის გამოც ადგილობრივები რთულ მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. გარდა ყოფითი და სოციალური სირთულეებისა, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები მოსახლეობის განცხადებით მათ ხშირად აქვთ საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა მემკვიდრეობის მიღება, მიწის ნაკვეთების და სახლების რეგისტრაცია, ასევე, განქორწინება, ალიმენტის დანიშვნა, სოციალური დახმარების
საკითხები. აღნიშნულ რეგიონებში საკმაო სიმწვავით დგას ოჯახში ძალადობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის და ადრეული ქორწინების პრობლემაც, თუმცა ამ თემებზე ხმამაღლა საუბარს საზოგადოება ერიდება", ნათქვამია კვლევის ანგარიშში.
წყარო: ewmi-prolog.org