თბილისი. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მხარდაჭერის მიმღებ პირთა უფლებების დარღვევის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისადმი მიმართვას აქვეყნებს.
„არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ეხმიანება მხარდაჭერის რეფორმის განხორციელების პროცესში სოციალური მომსახურების სააგენტოს უმოქმედობას, რაც წარმოშობს მხარდაჭერის მიმღები პირების უფლების დარღვევის სერიოზულ რისკს, საფრთხეს უქმნის რეფორმის ეფექტურად განხორციელებას და როგორც მხარდაჭერის მიმღები პირების საქმეების ანალიზის შედეგად დგინდება, – წარმოადგენს სისტემურ პრობლემას", - ნათქვამია მიმართვაში.
ორგანიზაციის ცნობით, 2016 წლის დეკემბერში, სამართლებრივი დახმარების მიზნით, PHR-ს მიმართა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფმა პირმა და მიაწოდა ინფორმაცია მხარდამჭერის მხრიდან მისი უფლება-მოვალეობების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, მხარდამჭერმა თვითნებურად შეცვალა მხარდაჭერის მიმღები პირის კუთვნილი ბინის კარის საკეტი და შედეგად, მესაკუთრე ვეღარ ახერხებს საკუთარი ბინით სარგებლობას. ამასთან, მხარდამჭერმა მიისაკუთრა მხარდაჭერის მიმღები პირის პირადობის მოწმობა, რის გამოც, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, სამართლებრივი გზით დაიცვას საკუთარი უფლებები. ფსიქიატრიული დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, მხარდაჭერის მიმღებ პირს ამოეწურა დაწესებულებაში დასაყოვნებლად საჭირო კრიტერიუმები და შესაბამისად, აღარ საჭიროებდა დაწესებულებაში დარჩენას. თუმცა, აღნიშნული დაწესებულებიდან მისი გაწერა ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ მას საკუთარ სახლში შესვლა არ შეეძლო და ქუჩაში მოუწევდა ცხოვრება. ორგანიზაციამ ეს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიაწოდა, თუმცა, რეაგირება დღემდე არ ყოფილა.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მოუწოდებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მხარდაჭერის რეფორმის შემდგომი ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, დეტალურად შეისწავლოს ყველა ანალოგიური საქმე, სადაც იკვეთება მხარდამჭერის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაკეთილსინდისიერად შესრულება, შეიმუშაოს და განახორციელოს დროული და მხარდაჭერის მიმღები პირების ინტერესებზე მორგებული მონიტორინგის სისტემა. დაიხვეწოს მონიტორინგის განხორციელების პროცესში უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირისა და ყველა იმ დაწესებულების ჩართვის მექანიზმი, რაც გამოიყენება, უშუალოდ, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთან მიმართებით.
წყარო: ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ვებგვერდი