თბილისი. 4 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამართა კონფერენცია - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის".
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეები, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მსჯელობა წარიმართა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო და პოლიტიკური უფლებების რეალიზებისას საკანონმდებლო და პრაქტიკის კუთხით იდენტიფიცირებული გამოწვევებისა და მათ გადაჭრის გზების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს დამკვიდრებას.
საიამ საკუთარი მიგნებები და რეკომენდაციები წარმოადგინა 5 ძირითადი თემატური მიმართულებით: წინასაარჩევნო, არჩევნების დღე და შემდგომი პერიოდის დარღვევები (წინასაარჩევნო აგიტაცია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სხვა); არჩევნებში ჩართული უწყებების (საარჩევნო ადმინისტრაცია, აუდიტის სამსახური, უწყებათშორისი კომისია და სხვა) საქმიანობა; ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების ხელშეწყობა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგელობის ზომების გამოყენებისას პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ; სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა; ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.
თითოეული თემატური ჯგუფის წარმომადგენლებმა კონფერენციის მსვლელობისას იმსჯელეს და წარმოადგინეს ძირითადი მიგნებები და ერთიანი ხედვები, რომელიც ზემოაღნიშნული მიმართულებების მიხედვით, შესაძლებლობას მოგვცემს როგორც საკანონმდებლო, ასევე არსებული მანკიერი პრაქტიკის გაუმჯობესების კუთხით დავგეგმოთ სამომავლო ნაბიჯები სამართლიანი, კონკურენტული და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი