თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა მხარდამჭერის დანიშვნის არსებული პრაქტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ დიკრიმინაციის წახალისებლად მიიჩნია და 21 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ზოგადი წინადადებით მიმართა.
ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, ფსიქოსოციალური საჭიროებების შესახებ დასკვნაში და, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებაში, ნაჩვენები იყოს სავარაუდო მხარდამჭერის მიმღები პირისადმი ინდივიდუალური მიდგომა. სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რომ მხარდამჭერის დანიშვნისას, მხარდამჭერის მიმღები პირის ფსიქოსოციალურ საჭიროებებს ემყარება და გადაწყვეტილებას იღებს პირის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას საფრთხე, რომ მხარდამჭერის მოდელის ნაცვლად მოხდება ნების სრული ჩანაცვლების გამოყენება და პირის ნების ავტონომიაში მნიშვნელოვანი და გაუმართლებელი ჩარევა, რაც ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენი სტანდარტს, მეორე მხრივ კი, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს.
სახალხო დამცველმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებში დაადგინოს სტანდარტი, რომლის მიხედვით, სასამართლო ვალდებული იქნება მხარდასაჭერი სფეროები და ფარგლები განსაზღვროს პირის ინდივიდუალური ფსიქოსოციალური საჭიროებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე; ასევე, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოუწოდა, რომ ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებისას ინდივიდუალიზებული მიდგომა გამოიყენოს.
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი