თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სსიპ "მაცხოვრის ბიბლიური ეკლესიისთვის” საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
რელიგიურმა ორგანიზაციამ, 2015 წელს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, არქიტექტურის სამსახურმა განმცხადებლისგან მშენებლობის მიზანშეწონილობის თაობაზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციის წარდგენა მოითხოვა.
TDI აცხადებს, რომ თბილისის მერიამ, არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მომზადებული არასავალდებულო ხასიათის დოკუმენტის მოთხოვნით და ამის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის არგაცემით, რელიგიური გაერთიანების უფლებები შეზღუდა.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაციის მოთხოვნა რელიგიურ გაერთიანებებს საქმიანობისას სირთულეს უქმნის და წარმოშობს ახალ, კანონით გაუთვალისწინებელ დაბრკოლებას.
TDI-მ მიმართა სასამართლოს, სამშენებლო ნებართვაზე უარის ბათილად ცნობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ ახალი კანონშესაბამისი აქტის გამოცემის დავალდებულების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაყენებული მოთხოვნები დააკმაყოფილა.
წყარო: TDI-ის ვებგვერდი