თბილისი. „ღია საზოგადოება საქართველოს" ინიციატივით გაიმართა საჯარო განხილვა, რომლის თემაც სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ეფექტური გამოძიების მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა იყო.
მექანიზმი სამართალდამცავი უწყებებისა და მთავრობისგან დისტანცირებული, დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. იგი იქნება თავისუფალი პოლიტიკური ზეგავლენებისგან და ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ამგვარი მოდელი, ერთი მხრივ შეამცირებს, სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობის საგანგაშო სტატისტიკას, მეორე მხრივ კი, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობის აღდგენას.
საჯარო განხილვის დროს, ასევე, იმსჯელეს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც საქართველოს პროკურატურის შიგნით ახალი დეპარტამენტის შექმნას გულისხმობს. მონაწილეთა მოსაზრებით, ამგვარი ცვლილება ვერ პასუხობს სამართალდამცავი უწყებების მიმართ გამოთქმულ მთავარ კრიტიკას, დამოუკიდებლი და ეფექტური გამოძიების წარმოების თაობაზე.
განხილვაზე საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს იმ საგანგაშო სტატისტიკაზე, რომელიც ბოლო დროს მათ წარმოებაში არსებული საქმეებიდან იკვეთება. ამ ფონზე, უფრო ნათელი გახდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უწყების შექმნის აუცილებლობა.
შეხვედრის მონაწილეთა საერთო აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა დროულად მიიღონ ზომები, პრაქტიკულად და ინსტიტუციურად დამოუკიდებელი უწყების შექმნის მიმართულებით და განიხილონ სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებული კანონპროექტი.
წყარო: „ღია საზოგადოება საქართველოს" ვებგვერდი