თბილისი. სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო.
2017 წლის 4 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მსჯავრდებულ ჯ.ს.-ს მონახულების მიზნით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მსჯავრდებული ამ პერიოდისთვის გადაყვანილი იყო ლ. სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისგან საქმის წარმოების გაგრძელებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გამოითხოვეს. თუმცა, კანონის აღნიშნული მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს მოთხოვნილი ინფორმაცია დაუყოვნებლივ არ მიეწოდათ. იმავე დღეს, 2017 წლის 4 აპრილს მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უსაფრთხოების ზომების კანონიერების შემოწმების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილით მიმართა N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა ინფორმაცია მის მიმართ გამოყენებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე, სახალხო დამცველის აპარატმა პასუხი ვერც წერილზე მიიღო.
სახალხო დამცველის შესაბამისი სარჩელის საფუძველზე, 2017 წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი