თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ნეგატიურად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ავტორობით შემუშავდა.
საია-ს მოსაზრებით, კანონპროექტი აერთიანებს არაერთ ინიციატივას, რომელიც არ არის თავსებადი საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით გარანტირებულ სტატუსსა და ფუნქციასთან, არსებითად ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დღეს მოქმედ სტანდარტს, ზრდის კორუფციული გარიგებების დადების რისკს, ისევე როგორც დაუსაბუთებლად ამცირებს სამეურვეო საბჭოს, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებებს.
„მომზადებული კანონპროექტის საერთო ანალიზის შედეგად შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ შემოთავაზებული ცვლილებების უცვლელი სახით მიღება სერიოზულ ეჭვ ქვეშ დააყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით გარანტირებულ სტატუსს - პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით დაფუძნებული მაუწყებელი, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელე-რადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი