თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე.
„საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო საქმის ობიექტური და დეტალური გამოძიებისთვის, თუმცა პროცესი ცალსახად ფერხდება, რაც ლახავს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას საქართველოში, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნის პლურალისტური, დემოკრატიული, ღირსეული განვითარების გზაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ ობიექტურად იქნას გამოძიებული აფგან მუხთარლის საქმე და დაისაჯოს დამნაშვეები. ასევე მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს საზოგადოების დეტალური ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას. ამასთანავე, მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს უზრუნველყოს ჟურნალისტის საქმის მოსმენა, ხოლო საქართველოს პარლამენტმა შეასრულოს მასზე დაკისრებული საჯარო ფუნქცია და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შექმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: qartia.org.ge