თბილისი. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოსა" და თავისუფალ უნივერსიტეტის ორგანიზებით, დღეს ორი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევები ქართულ კანონმდებლობაში პირის დაკავების სტანდარტებს მიმოიხილავს და მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ ისეთ დანაშაულებს აანალიზებს, როგორიც არის ცრუ დასმენა, ცრუ ჩვენება და სხვა.
კვლევამ გამოავლინა კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები, რომელიც ეხება პირის დაკავების პროცედურებს; დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტებას; საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას; სასამართლოს და პროკურატურის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების დასაბუთებას; პირის სამედიცინო შემოწმებას; აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და სხვა პრობლემურ საკითხებს.
კვლევაში გამოიკვეთა პრობლემური საკითხები, რომელიც მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის დროს დაფიქსირდა. დოკუმენტის მიხედვით, ხარვეზებით ხასიათდება მოქმედი კანონმდებლობა და არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა კომპეტენცია და კვალიფიკაცია, არასაკმარისად დასაბუთებულია პროკურატურისა და სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
კვლევის ავტორების განმარტებით, ანალიზის შედეგად წარმოდგენილი რეკომენდაციები პარლამენტს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაში, პროკურატურას, დაცვის მხარეს და სასამართლოს კი, ერთგვაროვანი და გამართული პრაქტიკის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი