თბილისი. აკადემიური პერსონალის გადამზადების, აკადემიური წერის კურსების განახლებისა და პლაგიატის დეტექციის პროგრამის შესასყიდად, ევროკავშირმა 12 ქართული უნივერსიტეტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორწლიანი პროექტი 856 ათას 834,00 ევროთი დააფინანსა.
ეს აქტივობა 2015 წლის გაზაფხულზე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტით დაიწყო. ფონდის გრანტით განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის, უნი.ჯის პროექტი „პლაგიატი საქართველოს აკადემიურ სივრცეში: პრევენცია და ბრძოლა". პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში აკადემიური კულტურის განვითარების ხელშეწყობას, აკადემიურ სივრცეში პლაგიატის პრობლემის კვლევასა და საჯარო დისკუსიების საფუძველზე პლაგიატთან მიმართებაში ერთიანი ქმედითი პოზიციის შემუშავებას.
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მის მიერ დაფინანსებული პროექტების მდგრადობას, ამიტომ, კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვა და გათვალისწინება კანონქვემდებარე აქტებში ფონდისათვის პრიორიტეტული იყო და უნი.ჯი აგრძელებდა აქტიურ მუშაობას - რეკომენდაციების დანერგვასა და პლაგიატის წინააღმდეგ აკადემიური კულტურის ჩამოყალიბებასა და მხარდაჭერას.
შედეგად, პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების ნაწილი განხორციელდა:
- განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის 6-7 დეკემბერს წარადგინა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროექტის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაცია;
- ფონდის დახმარებით დამატებით ითარგმნა და გამოიცა რეკომენდაციების კრებული "კარგი სამეცნიერო პრაქტიკის უზრუნველყოფა", რაც არა მხოლოდ პლაგიატის, არამედ ზოგადად, აკადემიური არაკეთილსინდისიერების პრევენციის საკითხს ეხება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი