იმერეთი. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა" ENPARD-ის სხვა პარტნიორი ორგანიზაციების – „ადამიანი გაჭირვებაში", „ოქსფამის" და „ქეას" მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების წარმომადგენლებს მის ერთ-ერთ ბენეფიციარ კოოპერატივში უმასპინძლა. ვიზიტი იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანში შედგა.
ღონისძიების მიზანი იყო ძველი ქართული ტრადიციული ქვევრის წარმოების ტექნოლოგიის პრაქტიკული დემონსტრირება პროგრამის ბენეფიციარი სხვა კოოპერატივების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მეღვინეობა-მევენახეობის დარგში მოღვაწეობენ. ვიზიტის მანსპინძელი, ინდმეწარმე რომან ჩინჩალაძე ქვევრის წარმოების ბიზნესს უძველესი ქართული უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით წარმართავს. მან ეს ცოდნა და გამოცდილება წინაპრების მემკვიდრეობიდან მოიძია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღეს ამაყია, რომ განაგრძობს მათ საქმეს და ცდილობს მის საქვეყნოდ პოპულარიზებას.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი