თბილისი. კერძო სკოლებში ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე არსებული რეაგირების მექანიზმის არაეფექტურობასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.
მიმართვაში საუბარია ერთ-ერთ კერძო სკოლაში მოსწავლის მიმართ პედაგოგისა და დირექტორის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც, სახალხო დამცველის განცხადებით, ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე შესაბამისად არ განხილულა და არც მის გამო დაწესებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამხდარა ცნობილი.
„მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში არსებობდეს ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაღალი სტანდარტი. შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი მონიტორინგის ორგანოს ფუნქციები და პროცედურები ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხების მოკვლევის პროცესში; ასევე, გაიწეროს კერძო სკოლის პედაგოგთა და არასრულწლოვანთა დისციპლინური წარმოების წესი და პროცედურები, რაც უზრუნველყოფს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ, პროპორციულ და სათანადო რეაგირებას," - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი