თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მოამზადა საკანონმდებლო წინადადება - „დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება ინტერნეტში". პროექტის მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში - „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ".
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” დადგენილება, რომელშიც განსაზღვრულია „დაუშვებელი პროდუქციის ცნება” ანუ იმგვარი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც შეიძლება შეიზღუდოს ინტერნეტში. დადგენილება ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის არაერთ საფუძველს, შესაბამისად, მისი პრაქტიკაში გაუმართლებლად და გადაჭარბებულად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტებს სერიოზული საფრთხე შეექმნას. სწორედ ამ მიზნით, IDFI-მ წარმოადგინა დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი, რომლის მიზანიც აღმოჩენილი ხარვეზების გასწორება და კანონმდებლობის დონეზე გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტების ამაღლებაა”, - აცხადებენ IDFI-ში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი