თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვასთვის, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, საჯარო საქმიანობის განხორციელების დროს უკანონო ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით, შსს-ს მიმართავს და ადეკვატურ სამართლებრივ რეაგირებას სთხოვს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ერთ-ერთ სოფელში სამირა ბაირამოვას საინფორმაციო შეხვედრის ფეისბუქგვერდით ტრანსლაციის დროს, არაიდენტიფიცირებადმა ფეისბუქმომხმარებელმა სოციალურ ქსელში აქტივისტის ფოტოსურათი შეურაცხმყოფელი და ქალის საჯარო საქმიანობის შემზღუდავი, სტერეოტიპული შინაარსის ტექსტით ატვირთა და მოსახლეობას მოუწოდა, სამირა ბაირამოვა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღარ შეეშვათ. მითითებულ მოწოდებას, ასევე, სხვა არაიდენტიფიცირებად ფეისბუქმომხმარებლის შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა. აღნიშნული პოსტის შემდგომ, მარნეულის სხვა სოფლებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების დროს, სამირა ბაირამოვამ და მისმა თანამშრომლებმა უცხო პირების მხრიდან მათდამი კონტროლისა და თვალთვალის შემთხვევები დააფიქსირეს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი