თბილისი. 10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მობილიზებას ემსახურება.
„მიმდინარე წელს ამ დღის აღნიშნვის თემაა ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე. მისი მიზანია მოცემული საკითხის გააქტიურება დასაქმებულთა ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.
საქართველოში სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება. სახალხო დამცველის მიერ, საქართველოს მთავრობის „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტითა და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმით" გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სათანადოდ არ სრულდება აქტივობები, რომლებიც მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებას სამუშაო ადგილებზე, ბაღებში, საჯარო სკოლებში. ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, დამოკიდებულების შეცვლას და სტიგმის შემცირებას”, ნათქვამია განცხადებში.
ომბუდსმენი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015–2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების დროული შესრულება.
წყარო: ombudsman.ge