თბილისი. ინკლუზიური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფის წინადადებით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.
სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ ინკლუზიური განათლების სფეროში წარმოშობილ კონკრეტულ პრობლემებზე არასათანადო რეაგირება გამოწვეულია პროცესში ჩართული მხარეების ნაკლებ ინფორმირებულობით, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, ასევე საკუთარი ვალდებულებებისა და ფუნქციების შესახებ. შესაბამისად, სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდა უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების საკითხებზე დამწყებ და მოქმედ პედაგოგ–მასწავლებელთა და სასწავლო დაწესებულებების სხვა პირთა გადამზადება; მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პერსონალის სწავლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ; ინკლუზიური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების გამართვა და მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მაქსიმალური ჩართვა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი