თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, თიანეთის 20-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს.
თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილი ბიულეტინების დალუქული პაკეტი გახსნა და ნამდვილად გამოაცხადა, პ/გ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. შედეგად, თიანეთის თვითმმართველ თემში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესს ესწრებოდა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი, რომელიც თვლის, რომ ყველა ბათილი ბიულეტენი სწორად იქნა ასეთად მიჩნეული და არცერთ მათგანზე ამომრჩევლის ნება მკაფიოდ, აშკარად არ იკითხებოდა.
„მოყვანილი გარემოებები ეჭვის ქვეშ აყენებს მოცემულ ოლქში მერის არჩევნების შედეგებს, რომელშიც „ქართული ოცნების" კანდიდატმა მხოლოდ ოთხი ხმით გაიმარჯვა. საზოგადოების ნდობისა და არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია თიანეთის #20 საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად იქნას ცნობილი და გაიმართოს განმეორებითი კენჭისყრა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge