თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის თბილისისა და ბათუმის ოფისებში შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების მონიტორინგი ჩატარდება. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპატარის ვებგვერდი იტყობინება.
„სახალხო დამცველი უკვე არაერთი წელია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, შეიქმნას შრომის პირობების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი და ხაზს უსვამს მსგავსი მონიტორინგის აუცილებლობას არა მარტო მავნე და საშიშპირობებიან, არამედ სხვა, მათ შორის, საჯარო სამსახურებში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ინსპექტირების მექანიზმს, მონიტორინგის მიზნით შეეძლოს ყველა ობიექტზე წინასწარი შეტყობინებისა და ნებართვის, მათ შორის, სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლა.
დღეს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო არ ავალდებულებს დაწესებულებებს დაუშვან შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები ობიექტის შესამოწმებლად, რაც აკნინებს მექანიზმის ეფექტურობას. შესაბამისად, სხვა საჯარო სამსახურებისთვის მაგალითის მიცემის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა თანხმობა განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის თბილისის ოფისში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ინსპექტირების ჩატარებაზე და შესაბამისი წერილით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. დამატებით, სახალხო დამცველმა შემოწმების ჩატარება ბათუმის ოფისშიც მოითხოვა", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი