თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად, ეხმიანება ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პროცესი დროულად, გამჭვირვალედ, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით წარმართოს.
„დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმის არარსებობამ ხელი შეუწყო სამართალდამცავ სისტემაში უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებას. სწორედ ამ სისტემური ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჯერ კიდევ 2015 წელს, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით. ამ ფონზე, მისასალმებელია, იუსტიციის მინისტრის განცხადება მექანიზმის შექმნის შესახებ მაღალი პოლიტიკური ნების გაჩენის თაობაზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები წლებია მხოლოდ საჯარო განცხადებებით შემოიფარგლებიან. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უზრუნველყოს აღნიშნულ საკითხზე დროული და ღია პროცესის წარმართვა. დღემდე არსებული დახურულობა წარმოშობს რისკებს, რომ კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე შემუშავდება. ამასთანავე, საეჭვოა შეიქმნება თუ არა მექანიზმი იმ მანდატით და სტრუქტურით, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ და ეფექტურ გამოძიებას", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: კოალიციის ვებგვერდი